არისტოტელეს ნაშრომი “სულის შესახებ” იმ მცირერიცხოვან წიგნთა შორისაა, რომლებიც ყველაზე გავლენიან ტექსტთა რიგებს განეკუთვნებიან ფილოსოფიისა და თეოლოგიის ისტორიაში. მასზე დაწერილი კომენტარები საფუძველად დაედო ,ერთი მხრივ, ინტელექტის თეორიის ჩამოყალიბებას სქოლასტიკის პერიოდში, ხოლო მეორე მხრივ, თეოლოგიურ–ფილოსოფიურ დიალოგს ქრისტიანობასა და ისლამს შორის. წინამდებარე ნაშრომში სისტემურად იქნება წარმოდგენილი ტექსტის ადგილი და როლი როგორც არისტოტელეს შრომათა კორპუსში, ასევე ფილოსოფიური აზრის ისტორიაში. განსაკუთრებული აქცენტი დაეთმობა ტრაქტატის მესამე წიგნის IV, V და VI თავებს, რომლებიც გახდა მთავარი საფუძველი მონოთეისტური რელიგიების მიერ არისტოტელეს ნააზრევის ათვისებისა. დასასრულს განხილული იქნება ნაშრომის აღნიშნული თავების ინტერპრეტაციები თომა აქვინელის და ავეროესის მიერ.
ნაშრომი მნიშვნელოვანი იქნება ქართული სამეცნიერო და აკადემიური სივრცისთვის იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ტექსტის შესახებ ქართულ ენაზე არ არსებობს დამოუკიდებელი სისტემური გამოკვლევა, შესაბამისად, მასზე რეფლექსიები მხოლოდ სახელმძღვანელოს თავების ან ცალკეული სამეცნიერო სტატიების სახით გვხვდება.