ნიკოლოზ ბარათაშვილი

ანოტაცია

ლიტერატურა პროცესია, რომელსაც მრავალი მოულოდნელობა ახლავს. ხანგრძლივი განვითარების პროცესში ქართულ ლიტერატურაშიც უამრავი მოულოდნელობა მოხდა, დაიბადა და მოკვდა ჟანრები, საერთო სიბრტყიდან ამოიზნიქა ახალი და ჩაიძირა ძველი მწვერვალები, ისტორიიდან გაქრნენ ოდესღაც შეუვალი ავტორიტეტები და ახალი ხმა შეიძინეს დავიწყებულმა პოეტებმა. ბევრი რამ მოხდა ჩვენს ლიტერატურაში ისეთი, რასაც არავინ არ ელოდა, მაგრამ ქართული ლიტერატურის მთავარი და ყველაზე დიდი მოულოდნელობა ნიკოლოზ ბარათაშვილია. იგი სტიქიურ აჯანყებათა ჩახშობისა და 1832 წლის შეთქმულების სამარცხვინო ჩავარდნის შემდეგ, სასტიკი რეაქციის ბნელ წლებში ჩამოყალიბებულ საკმაოდ ჰომოგენურ, ფაქტობრივად, პრორუსულ, გაძაღლებულ მგელთა მდუმარების გარემოში თავის დიდ მასწავლებელთან, რეპრესირებულ და რუსეთში დაღუპულ სოლომონ დოდაშვილთან ერთად, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის თითქმის ერთადერთი ევროპელია. საქართველოს მომავალი ევროპული არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, ნიკოლოზ ბარათაშვილის დამსახურებაა; საქართველოს რომ თავისუფლება და ევროპული არჩევანი ეკუთვნოდა, ამას ქართველებისთვის დამტკიცება ესაჭიროებოდა. საქართველოს დასჭირდა ახალ ევროპასთან სულიერი ნათესაობის საბუთი. ბარათაშვილმა მოგვცა ეს საბუთი თავისი პოეზიის სახით: „მერანი“ სწორედ ევროპული ლიტერატურის შედევრია და „ბედი ქართლისა“ ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი უმთავრესი პოემა. იმის მიხედვით, თუ როგორ მოექცა ოჯახი, სანათესაო, საზოგადოება და მთელი საქართველო ჯერ ცოცხალსა და შემდეგ მიცვალებულ ბარათაშვილს უპატრონოდ დასაფლავებიდან პომპეზურ გადმოსვენებამდე, შეიძლება ვიმსჯელოთ, როგორ იწვალა და, ბოლოს და ბოლოს, როგორ იხარა მის მიერ დათესილმა ევროპეიზმის თესლმა. დიახ, ბარათაშვილი მოულოდნელობა იყო; ჩვენ ის არ დაგვიმსახურებია; ჩვენ კიდევ დიდხანს უნდა ვიცოცხლოთ, რომ მისი ღირსი გავხდეთ.