ალბათ არაერთხელ გსმენიათ ილია ჭავჭავაძისა და ნოე ჟორდანიას პოლემიკის შესახებ. ნოე ჟორდანიასთან საპოლემიკო წერილებში ილია ოპონენტს უმეტესად საკუთარი, ანუ ლიბერალური მსოფლმხედველობის, პოზიციიდან კი არ აკრიტიკებს, არამედ მისივე იდეოლოგიის საფუძვლების უცოდინრობაში სდებს ბრალს. „აქაო და ხუთი-ექვსი ფრაზა რუსულ მარქსიზმისა უსწავლია, ისიც იმისთანა მარქსიზმისაგან, რომელთანაებზე თითონ მარქსმა თქვა: რაც გინდათ დამარქვით, ოღონდ მარქსისტობას ნუ დამწამებთო. ასე იუარა მარქსმა იმისთანა მარქსისტები, როგორიც ჩვენში ბ-ნი ნოე ჟორდანიაა“, – წერდა ილია ჭავჭავაძე.
სერგო რატიანის ნაშრომში განსაზღვრული და გაანალიზებულია ის ლიტერატურა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებთან, კერძოდ, ნოე ჟორდანიასთან კამათისას ეყრდნობოდა. ეს კვლევა ერთგვარი იდეათა გენეზისი, იდეათა წარმოშობის ისტორიის რეკონსტრუქციის ცდაა.