„დოსტოევსკი, როგორც მწერალი, ყველაზე ნაკლებ კითხვას ბადებს. მან უკვე დაიმკვიდრა ადგილი შექსპირის გვერდით. „ძმები კარამაზოვები“ უდიდებულესი რომანია მათ შორის, რაც კი ოდესმე დაწერილა, დიდი ინკვიზიტორის სცენა კი – მსოფლიო ლიტერატურის შედევრი,“ – წერდა 1928 წელს ზიგმუნდ ფროიდი. ნახევარი საუკუნით ადრე ნიცშე დოსტოევსკის „ერთადერთ ფსიქოლოგს“ უწოდებდა, რომლისგანაც მას რამე უსწავლია. ამგვარი აღიარებების კიდევ მრავლად მოტანა შეიძლებოდა, თუნდაც იმის საილუსტრაციოდ, თუ რამხელა გავლენა მოახდინა დოსტოევსკიმ განსაკუთრებით XX საუკუნის კულტურაზე. ექსისტენციალისტები მას საკუთარ წინამორბედად მიიჩნევდნენ, რომელმაც სწორედ ის კითხვები დასვა, რაზეც პასუხის გაცემასაც მთელი შემდგომი ხანის ფილოსოფია ცდილობს. ფილოსოფიური თემატიკის სიუხვით ფიოდორ დოსტოევსკის უკანასკნელი და ყველაზე დიდი მოცულობის რომანი – „ძმები კარამაზოვები“ გამოირჩევა. სწორედ ამ რომანიდან გამოიყვანა ჟან პოლ სარტრმა დოსტოევსკის ყველაზე ცნობილ გამონათქვამად ქცეული ფრაზა: „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია.“ რომანში დასმულია არაერთი ეთიკური, პოლიტიკური თუ ექსისტენციალური პრობლემა, რომელთა განხილვაც დოსტოევსკისთვის დამახასიათებელი კონტროვერსულობით, ან, როგორც მიხეილ ბახტინმა უწოდა, „პოლიფონიურად“ მიმდინარეობს, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება ერთი რომელიმე პოზიციის ავტორისეულთან გაიგივება.
წინამდებარე წიგნი „ძმები კარამაზოვების“ სწორედ ბახტინისეული „პოლიფონიურობის“ პრინციპის გათვალისწინებით წაკითხვის მცდელობა იქნება, რომელშიც ყურადღება გამახვილდება იმ საკითხებზე, რომლებზეც რომანის პროტაგონისტები საუბრობენ. გარდა ღმერთის არსებობა-არარსებობისა, რომელიც ამ ნაწარმოების გამჭოლი ხაზია, წიგნში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა რომანის თავს „დიდი ინკვიზიტორი“ და მისგან გამომდინარე, თავისუფლების პრობლემას. ამავე კონტექსტში საუბარი იქნება ევროპული ლიბერალიზმისა და განმანათლებლობის დოსტოევსკისეულ კრიტიკაზე; აგრეთვე, დანაშაულის, ტანჯვის აუცილებლობის, ავადმყოფობის თუ სალოსობის თემებზე, რომლებსაც რომანის ფიგურები აჟღერებენ თუ თავადვე განასახიერებენ.