დიმიტრი ჯაფარიძე

დიმიტრი ჯაფარიძე

დიმიტრი ჯაფარიძემ 1983 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 1999 წელს – იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობთ. სწავლის დროს დაკავებული იყო სპორტით, არის პირველი თანრიგის მფლობელი ცურვასა და კალათბურთში, საქართველოს ორგზის და საბჭოთა კავშირის საკლუბო გათამაშების ჩემპიონი კალათბურთში. 1991-1992 წლებში სწავლობდა შვეიცარიაში, ნეშატელის უნივერსიტეტის ბიზნესის პროგრამაზე, გაიარა სასწავლო პრაქტიკა შვეიცარიის ტურიზმის უმაღლეს სკოლაში. 1999-2003 წლებში სწავლობდა ციურიხის რ. კენედის სახელობის კოლეჯში, სადაც მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.
გაიარა ტრეინინგები ევროპისა და აშშ-ის 20-მდე უმაღლეს სასწავლებელსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ბიზნესის, საბანკო, საფინანსო და საერთაშორისო სავაჭრო პროგრამების განხრით. მონაწილეობდა ევროკავშირის არაერთ საგანმანათლებლო პროექტში. 2013 წელს მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდია, 2015 წელს კი – კარნეგის ფონდის სტიპენდია. მიწვეული მკვლევრის სტატუსით 2015 წელს მუშაობდა აშშ-ის კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წელს – ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში.
1993-2004 წლებში საქართველოს კომერციულ ბანკებში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას. 2003-2008 წლებში იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი. 2005-2008 წლებში არჩეული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (ჟენევა) ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, 2005-2009 წლებში კი – „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარედ.
2006 წლიდან არჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან – სრულ პროფესორად. 2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა სპორტის აკადემიას, ხოლო 2009-2010 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტებს. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში.

მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მცირე ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, სტრატეგიული მართვა, განვითარების ეკონომიკა, სასოფლო განვითარება, ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია, გლობალური პოლიტიკურ ეკონომიკა, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა და ა.შ.