ცისფერყანწელები

ანოტაცია

„ცისფერი ყანწები“ ერთ-ერთი ყველზე ფართოდ ცნობილი დასახელებაა ქართულ ლიტერატურაში, თუმცა ამ ლიტერატურული დაჯგუფების – როგორც თავად უწოდებდნენ, ლიტერატურული ორდენის – საქმიანობა და მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ არის ნათლად შეფასებული. უფრო ზუსტად, არ არის ბოლომდე გადაფასებული საბჭოთა პარიოდში დამკვიდრებული პოზიცია ჯგუფის მნიშვნელობის დამცრობისა, და არც ამის საპირისპიროდ განვითარებული პოზიცია ჯგუფის რომანტიზებისა.

ამჯერად ჩვენი ამოცანაა ვისაუბროთ ამ დაჯგუფებაზე, როგორც კულტურულ და სოციოკულტურულ მოვლენაზე, შევაფასოთ ჯგუფის რეალური მიზნები და მიღწევები, და შევაფასოთ ის რეალობაც, რომელმაც არ მისცა მათ ამ მიზნების ბოლომდე განხორციელების საშუალება.

„ცისფერი ყანწების“ საქმიანობა ქართულ ლიტერატურაში და, ზოგადად, საქართველოს ისტორიაში ჯგუფური მუშაობის გამორჩეულ პრეცედენტს ქმნის. მართალია, მეცხრამეტე საუკუნეში გვაქვს საერთო მიზნებით მთელი თაობის, სამოციანელების გაერთიანების მაგალითი, თუმცა პირველი ერთიანი ჯგუფი, კარგად განსაზღვრული ფორმატით, ამოცანებით და შედეგებით, სწორედ „ცისფერი ყანწებია“. მათ მისცეს საქართველოში იმპულსი სხვა ლიტერატურული დაჯგუფებების შექმნასაც,  და მათთან ერთად დაასრულეს არსებობა საქართველოს შეცვლილ, პოლიტიზირებული გარემოში.

„ცისფერი ყანწების“ მიზანი იმთავითვე ნათელი და კარგად ფორმულირებული იყო: ქართული ლიტერატურის მოდერნიზაცია, ევროპეიზაცია, გამართვა „მსოფლიო რადიუსით“. ევროპული მოდერნიზმის სივრცეში ქართული ლიტერატურის „გადატანის“, კულტურული რელოკაციის ამოცანა ფრანგული სიმბოლიზმის ესთეტიკაზე იყო დაფუძნებული. ეს იყო სრულიად გაცნობიერებული არჩევანი – იმისდა მიუხედავად, რომ ევროპულ ლიტერატურაში მოდერნიზმი თავის ახალ ფაზაში, ავანგარდიზმში შედიოდა, ცისფერყანწელები თვლიდნენ, რომ უნდა მიეყვანათ ქართული პოეზია მოდერნიზმის დასაბამთან, სიმბოლიზმთან. თუმცა სწორედ ამ ჯგუფმა შეუწყო ხელი თბილისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, რუსეთიდან დევნილ ავანგარდისტებთან ერთად, ესთეტიკური დიალოგის, მრავალკულტურული და მრავალნაციონალური თანამშრომლობის გარემოს შექმნას. „თბილისის ავანგარდი“ ევროპული ტიპის კულტურული ცენტრის შექმნის რეალური ამბავია, რომელიც შესაძლებლად სწორედ ცისფერყანწელებმა აქციეს. მათვე შესაძლებელი გახადეს, უკვე გასაბჭოებულ 1920-იანი წლების საქართველოში, მოდერნიზმის კულტურული ტენდენციის შენარჩუნება და გაფართოება.

„ცისფერ ყანწებს“ და ქართულ მოდერნიზმს აქტიური მოქმედებისათვის 10 წელზე ოდნავ მეტი ერგო. საბჭოთა რეჟიმმა ის სულ მალე აქცია ისტორიად, უფრო ზუსტად კი – დავიწყებულ ისტორიად, რომელიც კულტურული მეხსიერებიდან მიზანმიმართულად იქნა ამოშლილი. თუმცა ეს ისტორია, ეს გამოცდილება ქართველმა მკითხველმა არ დათმო, საბჭოთა პერიოდშიც და  დღესაც, როცა ის ცდილობს თავისუფალი კულტურული არჩევანის განხორციელებას, მიმართავს ქართული სიმბოლიზმის, „ცისფერი ყანწების“ გამოცდილებასაც.

როცა „ცისფერ ყანწებზე“ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ცამეტ ქართველ პოეტზე, ევროპულ სიმბოლიზმზე/მოდერნიზმზე, თბილისის ავანგარდსა და ქართულ მოდერნიზმზე, ტოტალიტარიზმსა და რეპრესიებზე, ლიტერატურისა და პოლიტიკის მიმართებაზე, ქართული ლიტერატურის/საქართველოს ევროპულ არჩევანზე.