რუსთაველი საქართველოს ერთ–ერთი მთავარი სიმბოლო, მისი კულტურის გამომხატველია. მიუხედავად ამისა, მის შესახებ გასაოცრად ცოტა რამ ვიცით. იმდენად ცოტა, რომ დაბეჯითებით ვერც იმას ვიტყვით, ვინ იყო და ვერც იმას, როდის უცხოვრია ან როგორ გამოიყურებოდა. ერთადერთი წყარო, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ, „ვეფხისტყაოსანია“, ოღონდ „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ხელნაწერებიც საკმაოდ გვიანდელია და მეთხუტმეტე საუკუნეზე ადრე არ გვხვდება.
ამ წიგნის მიზანია, თავი მოუყაროს და მარტივად გადმოსცეს რუსთაველის, უფრო კი ვეფხისტყაოსნის შესახებ არსებული ცოდნა და უპასუხოს შემდეგ შეკითხვებს: როგორი იყო რუსთაველის პოეტიკა, რა სიახლე შემოიტანა რუსთაველმა ქართულ ლიტერატურაში და კულტურაში? როგორი იყო რუსთაველის ეთიკა და რა მიმართებაშია ის ქრისტიანულ ეთიკასთან? რატომაა რუსთაველი ქართული საერო ლიტერატურის და კულტურის დამფუძნებელი და რა ამსგავსებს და განასხვავებს მას დასავლეთევროპული და სპარსული რენესანსისგან? რომელ ჟანრს მიეკუთვნება „ვეფხისტყაოსანი“, რომანია თუ ეპოსი? როგორ აწყობს რუსთაველი სიუჟეტს და რა განასხვავებს მას მისი თანამედროვე ავტორებისაგან? როგორ კითხულობდნენ ვეფხისტყაოსანს ქართველები და უცხოელები მეჩვიდმეტე საუკუნიდან დღემდე? რა დაგვრჩა ვეფხისტყაოსნის მემკვიდრეობიდან დღეს?