ტომ ჯონსი

ანოტაცია

პაატა ჩხეიძის „ტომ ჯონსი“ ილიაუნის გზამკვლევის სერიით გამოცემული ნაშრომია, რომელიც  ჰენრი ფილდინგის რომანს კიდევ ერთხელ განხილვასა და გადააზრებას გვთავაზობს.

ჰენრი ფილდინგის  „ტომ ჯონს ნაპოვარას ისტორია“ 1749 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნდა და მაშინვე მიიქცია ყურადღება სიუჟეტის დინამიკურობით, ხასიათების მრავალფეროვნებით, მაღალი და დაბალი კლასების, ლონდონისა და პროვინციის ცხოვრების კონტრასტულობის აღწერითა და ლაღი იუმორით. წიგნი გამოქვეყნების პირველივე წელს ოთხჯერ გამოიცა და ბესტსელერი გახდა. ის ფილდინგის უდიდეს ნაწარმოებად მიიჩნევა და სომერსეტ მოემმა მსოფლიოს ათ საუკეთესო წიგნს შორისაც დაასახელა. თავად ავტორმა, ჰენრი ფილდინგმაც აღნიშნა, რომანი „ტომ ჯონს ნაპოვარას ისტორია“ ჩემზე დიდხანს ეხსომებათო. ნაწარმოები საგმირო-სატრფიალო რომანსის ქარგაზეა დაფუძნებული. ვაჟს, ტომ ჯონსს, უყვარს ქალი, სოფია ვესტერნი და მისი სიყვარულის მოსაპოვებლად ათას ფათერაკს გამოივლის, მაგრამ ამ ახალ ჟანრში ქალი არ არის პასიური პერსონაჟი, რომელიც მოთმინებით უნდა ელოდებოდეს თავის მიჯნურს, იგი თვითონაც გამოსულია სატრფოს საძებნელად და მრავალ ფათერაკს გადაურჩება.

ჰენრი ფილდინგი არ იყო პირველი ინგლისელი რომანისტი, მაგრამ იგი ყველაზე ახლოს მივიდა, შეიძლება ითქვას, დააფუძნა ამ ჟანრის თეორია და პრაქტიკა, განსაზღვრა რომანის განვითარების ძირითადი ორიენტირები, მიანიშნა საფრთხეებზე, რასაც შეეძლო ჟანრის განვითარებისათვის ხელი შეეშალა. უოლტერ სკოტმა სამართლიანად უწოდა ჰენრი ფილდინგს „ინგლისური რომანის მამა“, რომლის „ტომ ჯონსი“ დღემდე გვაოცებს სიუჟეტის დახვეწილობითა და ხასიათების დამაჯერებლობით, სტრუქტურული აგებულებით, რომანის მწყობრი თეორიის შექმნითა და თხრობაში ოსტატურად ჩართვით.

ნაწარმოები კვლავაც აგრძელებს სიცოცხლეს,  ჰყავს მკითხველი და კრიტიკოსები თუ ლიტერატურათმცოდნენი კვლავაც იკვლევენ მას.