ქართული ენა
ქართულ ენას თანამედროვე საენათმეცნიერო დისკურსში ორი ძირითადი პერსპექტივიდან განიხილავენ:
ა) როგორც მრავალსაუკუნოვანი ტექსტებით დოკუმენტირებულ სამხრეთ კავკასიურ ენას, რომლის მიხედვით იქმნება ან გადამოწმდება ლინგვისტიკის ამა თუ იმ მიმართულების მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ჩარჩო, დარგობრივი ცოდნა;
ბ) უძველეს სამწერლობო ენას, რომელიც შესულია მსოფლიოს ენების შესახებ წინასაენათმეცნიერო (XIX საუკუნემდელი) ეტაპების ყველაზე ცნობილ კონცეფციებში.
წინამდებარე პუბლიკაციაში ქართული ენა სწორედ ამ ორი თვალთახედვით იქნება განხილული; პირველ ნაწილში შევეხები იმ გამოწვევებს, რაც თანამედროვე საენათმეცნიერო სტანდარტებით ქართული ენის დოკუმენტირებისა და კვლევის გადაუდებელი ამოცანაა, ამასთანავე, უზრუნველყოფს ქართულის სრულფასოვან ფუნქციონირებას სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. მეორე ნაწილი დაეთმობა ქართულის, ზოგადად, ქართველური ენების კონცეპტუალიზაციას ანტიკური, გვიანანტიკური, შუა საუკუნეებისა და ადრეული მოდერნულობის ცნობილ დისკუსიებში.