გზამკვლევის კიდევ ერთი წიგნი „რა არის ფსიქოლოგია“ ნინო ჯავახიშვილის ნაშრომია. ავტორი წიგნის შესავალში წერს, რომ ხშირად ფსიქოლოგია ყოვლისშემძლე დისციპლინად მიაჩნიათ და ფსიქოლოგებისგან ბევრად მეტს მოელიან, ვიდრე მათ შეუძლიათ. „ჰგონიათ, რომ ფსიქოლოგისათვის თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისია, რომ უმალ დაინახოს ადამიანის სურვილები, ლტოლვები, ემოციები, აზრები, ან, „დაჟინებული მზერით ჰკურნავს“.
გზამკვლევის ამ წიგნით ნინო ჯავახიშვილი ცდილობს, უპასუხოს კითხვას, რა არის ფსიქოლოგია და გააქარწყლოს ფსიქოლოგიის მეცნიერების შესახებ არსებული მცდარი შეხედულებები და სტერეოტიპები. ტექსტის იოლად აღსაქმელად არაერთი მაგალითია მოყვანილი, მათ შორის ავტორის ყოველდღიური გამოცდილებიდან და მხატვრული ნაწარმოებებიდან თუ ფილმებიდან, განსაკუთრებით ხშირად შეგვახსენებს ელდარ შენგელაიას შესანიშნავ ფილმს „შერეკილები“.
წაიკითხეთ ნინო ჯავახიშვილის „რა არის ფსიქოლოგია“, ვნახოთ, კვლევის როგორ მეთოდებს იყენებს ფსიქოლოგია და შეუძლია თუ არა მას ქცევის პროგნოზი, როგორ უღრმავდება ინდივიდს და აკეთებს განზოგადებას დიდ ჯგუფებზე.