ფარაჯანოვის ბიოგრაფია ორი ასპექტით არის საყურადღებო: 1. ადრეული წლები, როცა ჩამოყალიბდა მისი მსოფლმხედველობა და გემოვნება, რაზეც დიდი გავლენა იქონია, ერთი მხრივ, ძველი თბილისის მულტიკულტურულმა გარემომ, ეთნიკურ-რელიგიურმა სიჭრელემ და თბილისური ეზოებისთვის დამახასიათებელმა მოზაიკურობამ და, მეორე მხრივ, ოჯახმა და მისმა ტრადიციებმა, რომელთა შესახებ მოგონებაც დიდწილად უკავშირდება ფარაჯანოვების ანტიკვარულ მაღაზიას. 2. ციხე, გადასახლება, წესებსა და ლოგიკას დაუმორჩილებელი შემოქმედების მუდმივი ცენზურა, რაც ძალიან ცხადად წარმოაჩენს საბჭოთა სისტემას, როგორც ბანაკს, სადაც პირადი ცხოვრება თუ შემოქმედებითი თავისუფლება მაქსიმალურად კონტროლდებოდა.
ეს წიგნი სერგო ფარაჯანოვის მითიური საბურველით მოცული პიროვნებისა და შემოქმედის მთლიანობაში აღქმის, თავად ფარაჯანოვის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების გამოკვეთის წარმატებული მცდელობაა და ფარაჯანოვის ბიოგრაფიის გარდა, მოიცავს ოთხი ფილმის – “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილების”, “საიათნოვას”, “ამბავი სურამის ციხისას” და “აშუღ-ყარიბის” – სტილისტურ ანალიზს. ეს ის ფილმებია, რომლებშიც რეჟისორი არა მარტო ორიგინალურ და უნიკალურ ხელწერას ავლენს, არამედ თავად კინოს გაგებას ცვლის.
წიგნში, ასევე, მიმოხილულია პოლიტიკური ფონი – როგორც საბჭოთა კავშირის რეპრესიული გარემო, ასევე მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის პერიოდში შექმნილ ნაციონალისტური შეუწყნარებლობა, რომელიც უშუალოდ შეეხო სერგო ფარაჯანოვს. ნაშრომი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ითვალისწინებს უშიშროების არქივში დაცულ საიდუმლო დოკუმენტაციას ფარაჯანოვის შესახებ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი.