წიგნი წარმოადგენს შესავალს დანტე ალიგიერის პოემაში, თუმცა საინტერესო და სასარგებლო იქნება მათთვისაც, ვისაც ეს ქმნილება უკვე წაკითხული აქვს.
რატომ უნდა წავიკითხოთ 700 წლის წინათ დაწერილი ტექსტი? რას გვეუბნება დანტე ალიგიერი დღეს? როგორც XX საუკუნის იტალიელი მწერალი, იტალო კალვინო ამბობს, კლასიკური ისეთ ტექსტს ეწოდება, რომელსაც თავისი სათქმელი არ დაუსრულებია. რა თქმა უნდა, დღეს დანტე ალიგიერი თავისი მკითხველების ხმით გვესაუბრება: ყველა, ვინც ყურადღებითა და დაფიქრებით წაიკითხავს პოემას, დანტეს უწყვეტი ტრადიციის გამგრძელებლად იქცევა. ეს ტრადიცია კი ადამიანთა თანასწორობასა და მიწიერი ცხოვრების მარადიულ მნიშვნელობას აღიარებს.
წიგნში პოემის შინაარსი დაკავშირებულია ავტორის ბიოგრაფიასთან, ევროპული ისტორიის პოლიტიკურ მოვლენებთან. ნაჩვენებია, რომ ერთი შეხედვით მარტივ კითხვებს — რა ენაზეა დაწერილი პოემა? სად გადის ზღვარი „ნამდვილსა“ და „გამოგონილს“ შორის? რა ხდება ჯოჯოხეთში, განსაწმენდელსა და სამოთხეში? — მოსალოდნელისაგან განსხვავებული და რთული პასუხები აქვს.
წიგნი შედგება ოთხი ნაწილისაგან: ზოგადი შესავალი, „ჯოჯოხეთი“, „განსაწმენდელი“ და „სამოთხე“. მისი ძირითადი მიზანია, თვალსაჩინო დადასტურება მიეცეს დანტეს შემოქმედების ღრმა მკვლევრის, ერიკ აუერბახის ცნობილ დასკვნას იმის შესახებ, რომ „ღვთაებრივი კომედია“ არის წიგნი „ცოცხლებზე და ცოცხლებისათვის“.