ევოლუცია

ანოტაცია

110 წლის წინად გამოქვეყნებული დარვინის წიგნი დღესაც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო ნაშრომია. თუმცაღა დარვინის მიერ აღწერილი უამრავი მაგალითი და მის მიერ დასმული შეკითხვები, რომელთა მნიშვნელობა გასული დროის განმავლობაში მხოლოდ გაიზარდა, უმრავლესობისთვის უცნობია. უკეთეს შემთხვევაში განათლებულ ადამიანს ესმის, რას გულისხმობს სიტყვა „მემკვიდრეობითობა“, „ცვალებადობა“ და „გადარჩევა“  და, შესაძლოა, ისიც, რომ დარვინი შემთხვევით ცვალებადობას თვლიდა ევოლუციის ძირითად წინაპირობად. ბევრი თვლის, რომ ამ თეორიაში მთავარია ადამიანის წარმოშობაზე ვარაუდი; ხშირად დარვინისეული „ბრძოლა არსებობისთვის“ მიჩნეულია ცინიკურ, ანტიჰუმანურ ჰიპოთეზად, რომლის მიხედვითაც ბუნება არის ყოველი ცოცხალი არსების და ბიოლოგიური სახეობის სასტიკი ომი სხვა არსებების და სახეობების წინააღმდეგ, სადაც გადარჩება მხოლოდ ის, ვინც სხვას „დაამარცხებს“.

წინამდებარე წიგნი ცდილობს, მარტივი ენით გაარჩიოს ევოლუციური თეორიის მთავარი ცნებები და გაარკვიოს, რატომ მიეცა ზოგიერთ მათგანს ემოციური დატვირთვა, რომელიც თეორიას, როგორც ასეთს, არ გააჩნია.  წიგნში გამიჯნულია ორი ასპექტი ერთი და იმავე მოვლენისა: ევოლუცია როგორც ბუნებაში არსებული პროცესი, რომლის არსებობა დასტურდება მრავალი ფიზიკური მტკიცებულებით და არგუმენტით და რომლის შესახებ არსებობს სამეცნიერო კონსენსუსი; და „ახსნითი“ ევოლუციური თეორია, რომლის მრავალი საკითხი დღესაც ინტენსიური კვლევის და სამეცნიერო კამათის ობიექტია. ორივე განხილულია ისტორიულ ჭრილში – როგორც დამატებითი არგუმენტები ევოლუციის არსებობის შესახებ (რომლებიც, მაგალითად, დნმ ინტენსიურმა კვლევებმა მოიტანა), ასევე თეორიის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ბოლო ასი წლის განმავლობაში. ევოლუციური თეორიის როგორც „კლასიკურ“, ასევე თანამედროვე ვერსიას აკლია მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც ბევრ სხვა სამეცნიერო თეორიას გააჩნია: პრედიქციულობა, ანუ უნარი ივარაუდოს ცვლილებები, რომლებიც მომავალში მოხდება, და არა მხოლოდ ახსნას უკვე მომხდარი. ევოლუციის პრედიქციული თეორიის შექმნა სამეცნიერო „მეინსტრიმის“ მიღმა რჩება; წიგნის დასკვნით თავში ავტორი მსჯელობს ამის სავარაუდო მიზეზებზე. დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა ევოლუციის პრედიქციული თეორიის შექმნის მცდელობებს და მისი განვითარების პერსპექტივას.