დონ კიხოტე

ანოტაცია

ლია ლორიას „დონ კიხოტე“ ილიაუნის გზამკვლევის სერიით გამოცემული ნაშრომია. „თქვენ წინაშეა მოკრძალებული ცდა „დონ კიხოტეს“ რთული მხატვრული სისტემის აღწერისა და იმის ახსნისა, რაოდენ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა სერვანტესმა ევროპული პროზის განვითარებაში“, – აღნიშნულია ნაშრომის წინათქმაში. სერვანტესის „დონ კიხოტეს“ შესახებ ხომ ბევრი თქმულა და დაწერილა. მას კითხულობდნენ და კითხულობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. იუმორში „გახვეული“ ერთი ახირებული ესპანელი იდალგოს თავგადასავალში ინგლისელმა მწერლებმა თხრობის სრულიად ახალი მხატვრული ხერხები აღმოაჩინეს და ახალი ჟანრის, რომანის, უსასრულოდ მდიდარი პოტენციალი ამოიცნეს. გერმანელმა რომანტიკოსებმა და მათი გავლენით რუსმა მწერლებმა კომიკური პერსონაჟის მაგივრად სევდიანი დონ კიხოტე – ფილოსოფოსი, ცხოვრებისეული ტრაგიზმის განსახიერება დაინახეს. ფრანგმა განმანათლებლებმა კი „დონ კიხოტეში“ პოლიტიკური იდეები ამოიკითხეს. ვინ როგორ აღიქვა ეს ნაწარმოები და რატომ უნდა წავიკითხოთ ის დღეს? „დონ კიხოტე“, როგორც პასტორალური, პიკარესკული, სარაინდო რომანი, მისი პერსონაჟები, მოქმედების ადგილი, სიუჟეტი და აგებულება – გზამკვლევის ეს წიგნი გიამბობთ ამ ყოველივეს შესახებ.