„ამირანიანი“

ანოტაცია

ზურაბ კიკნაძის „ამირანიანი“ არის ნაშრომი იმ ძველი თქმულების შესახებ, რომელსაც მთელ საქართველოში იცნობენ, შეიძლება ითქვას, „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“. მას მოუსწრია სრულიად საქართველოს შემოვლა. თქმულების ჩანაწერები საკმაოდ გვიანდელია, არა უადრეს XIX ს-ის 60-იანი წლებისა. იგი ძველია, მაგრამ არც ისე ძველი, რომ ათასწლეულებს ითვლიდეს. ეპოსმა ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია. „ამირანიანის“ ქრონოტოპოსი ზღაპრულ დროსა და სივრცეს მოგვაგონებს, მაგრამ „ამირანიანი“ ზღაპარი არ არის. მისი ტრაგიკული დასასრული აუქმებს მის ზღაპრულობას. ის არც მითოლოგიური ეპოსია. თუ შევეცდებით „ამირანიანი“ ტიპის განსაზღვრას, უნდა ვუწოდოთ მას „ტრაგიკული ეპოსი“, სადაც საგმირო-სათავგადასავლო მოტივებით შეძერწილია ადამიანის აღზევებისა და დაცემის დრამა. უფრო არსებითად რომ ვთქვათ, „ამირანიანში“ დგას ადამიანის პრობლემა და ეს პრობლემა, არ უნდა გაგვიკვირდეს, ეგზისტენციალურ ჭრილშია დასმული და გადაწყვეტილი. ამაში მდგომარეობს „ამირანიანის“ თავისთავადობა, მისი უნიკალური ადგილი მსოფლიო ხალხთა ეპოსებს შორის.

ზურაბ კიკნაძის „ამირანიანი“ კი მოგითხრობთ როგორც თავად თქმულების, ასევე ამირანის სახის არატრადიციული ინტერპრეტაციების შესახებ.